ახალი საინტერესო მასალები ინტერნეტიდან
ცინჟი–დიუ–ბემარაჰი, მადაგასკარი სიტყვა ცინჟი ადგილობრივ მალაგასიურ ენაზე ნიშნავს ადგილს, “სადაც ვერავინ ივლის ფეხშიშველი”. მართლაც ასეა, ნაკრძალის ფოტოების ნახვისას იმის წარმოდგენაც კი ძნელია, როგორ უნდა იმოძრავო აქ. ცნობილი ქვის ტყე ქვიშაქვის ეროზიის შედეგად ჩამოყალიბდა: ჩვეულებრივი მთების ნაცვლად აქ შეგხვდებათ ზემოთ აღმართული ქვის უზარმაზარი ამონაზარდები. მათ შორის არიან იშვიათი (როგორც რაოდენობრივად, ისე სახეობის მხრივ) ხეები, რომლებზეც დანავარდობენ ასევე იშვიათი ლემურები და დაფარფატებენ ჩიტები. მოსაწყენი გარემო არც ქვემოთაა: აქ ტყის კანიონებია, მისტიკური გამოქვაბულები და მდინარე მანამბოლოს მუქი წყლები. ნაკრძალი 1927 წლიდან არსებობს იმ მიზნით, რომ ბუნებრივი პირობების შენარჩუნება მოხდეს. მისი გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ მიუწვდომელია მნახველთათვის. თუმცა რომლებიც ხელმისაწვდომია, ნათლად ეტყობა, რომ არაბუნებრივი და გამორჩეულია, თითქოს დედამიწას არც ეკუთვნის. დალოლის ვულკანი, ეთიოპია ამ ვულკანის კრატერი სავსებით ნათლად ახდენს იმის დემონსტრირებას, რაც ხდება იუპიტერის თანამგზავრ იოზე – მრავალი მობუყბუყე გეიზერი, ფანტასტიკური ფერები და გოგირდის მძაფრი სუნი. ყველა დანარჩენ ვულკანზე ქვემოთ მდებარე დალოლი – ზღვის დონიდან 48 მეტრით ქვემოთ – დღესაც აქტიურია, რის გამოც მიმდებარე არეები მუდმივად დუღს და ორთქლი ასდის. თუმცა ბოლო მძლავრი ამოფრქვევა 1926 წელს დაფიქსირდა და სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა “არამიწიერი” ტბა, რომელიც მწვანე და ალისფერი უცნაური სითხითაა სავსე. დალოლის კრატერი ყველაზე მხურვალე ადგილია დედამიწაზე – ყოველდღე აქ ტემპერატურა მინიმუმ 34°-ია, ზაფხულში კი – 40°. ასეთ ექსტრემალურ პირობებში ვერანაირი ცოცხალი არსება ვერ გაძლებს, გარდა ბაქტერიებისა. სწორედ ისინი აძლევენ ამ ადგილს ნათელ შეფერილობას, რომელიც ამ არასტუმართმოყვარე ტერიტორიაზე მოსულ ადამიანებს სამუდამოდ ამახსოვრდებათ.
დალოლზე მოხვედრა არც ისე ადვილია: ბუნებრივი რესურსების აშკარა სიუხვის მიუხედავად, აქ გზები ჯერ კიდევ არაა დაგებული. ამ ადგილს რეგულარულად მხოლოდ აქლემების ქარავნები სტუმრობენ, რომელთა კუზები შემდგომ აქ მოპოვებული მარილით იტვირთება. მაკმურდოს მშრალი ხეობები, ანტარქტიდა ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე – ეს არც საჰარაა და არც გობი, როგორც ბევრს წარმოუდგენია, არამედ ანტარქტიდაში მდებარე ადგილი, რომელსაც მშრალ ხეობებს უწოდებენ. აქ უკვე 2 მილიონი წელია, ნალექი არ ყოფილა! ეს ადგილი შემოსაზღვრულია მთებით, საიდანაც გრავიტაცის გავლენით მაღალი სიჩქარის (300 კმ/სთ) ცივი და სუსხიანი ქარები მოემართებიან და თან მიაქვთ ყველაფერი, რაც გზაში შეხვდებათ, მათ შორის თოვლი, წყალი და ყინული. თუკი მიმოვიხილავთ მზის სისტემის პლანეტებში მიმდინარე პროცესებს, მსგავსი რამ მარსს გაგვახსენებს. მეცნიერები აღტაცებულნი დარჩნენ, როცა ასეთ საშინელ პირობებშიც კი აღმოაჩინეს სიცოცხლის ფორმები – ბაქტერიები. მათთვის საკმარისია ის წვეთები, რომლებიც აქაურ ქარებს დაუსხლტებიან ხოლმე. კიდევ უფრო საინტერესო ის ბაქტერიაა, რომელიც ტეილორის მყინვარში ბინადრობს. გეოგრაფიულად ეს მყინვარიც მშრალ ხეობებს მიეკუთვნება. ეს ანაერობული (ანაერობები – მიკროორგანიზმები, რომლებიც ცოცხლობენ უჰაერო პირობებში, უჟანგბადოდ) ბაქტერია გარდაქმნის გოგირდსა და რკინას, რომლის შედეგიც მიიწევს ზედაპირისკენ და წარმოიქმნება ე.წ. სისხლიანი ჩანჩქერები. თეთრ ფონზე რკინის ოქსიდით შეღებილი წყალი არც ისე კარგად გამოიყურება, თითქოს უზარმაზარი შეუხორცებელი ჭრილობიდან სისხლი იღვრება.
მთვარის ხეობა, ბრაზილია მთვარის ხეობა მდებარეობს შაპადა-დუს-ვეადეირუსის ეროვნულ პარკში. პლატო, რომელზეც პარკი დგას, 1.8 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. ადგილობრივი ქვები უძველესია დედამიწაზე – ისინი მთვარეზე დაახლოებით ორჯერ მცირე ასაკისანი არიან. ათასწლეულების განმავლობაში მდინარე სან-მიგელის წყლებმა დაამუშავა ბუნებრივი კვარცი, რომლისგანაც შედგება ადგილობრივი ქვები, და მისცა უცნაური ფორმები. დასამახსოვრებელი და აღსანიშნავია ხეობის გარემოცვაც – აქ მდებარეობს როგორც მცენარეებისა და ცხოველების უძველესი სახეობების ნამარხები, ისე მათი თანამედროვე შთამომავლები: ორქიდეები, პალმები, პილპილის ხეები, ჭიანჭველიჭამიები, ტაპირები, კაპიბარები, ნანდუ და ა.შ. 2001 წელს შაპადა-დუს-ვეადეირუსის ეროვნული პარკი იუნესკოს მფარველობაში გადავიდა. ერთადერთი გასაოცარი რამ ამ ამბავში ისაა, თუ რას უცდიდა იუნესკო და რატომ აღიარა პარკი კულტურულ მემკვიდრეობად მისი აღმოჩენიდან მხოლოდ 40 წლის შემდეგ.
ტბა Retba ან იგივე ვარდების ტბა მდებარეობს ჩრდილოეთ Cap
Vert-ში (სენეგალის ნახევარკუნძული). დღის განმავლობაში ტბის ფერი იცვლება ღია ვარდისფერიდან მუქ ვარდისფერამდე. მისი ეს შეფერილობა გამოწვეულია ტბაში ბაქტერია Dunaliella-ს არსებობით. ის შეიცავს წითელ პიგმენტებს, რომლითაც მზის ენერგიის წყალობით ვარდისფერ შეფერილობას აძლევს წყალს, ამიტომ მშრალ ამინდში უფრო შესამჩნევია ფერი.
Posted on 15/12/2013, in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.
დატოვე კომენტარი
Comments 0